ლელა წურწუმია / Lela Tsurtsumia

პოპულარული ქართველი მომღერალი ლელა წურწუმია, 1969 წლის 12 თებერვალს თბილისში დაიბადა. მამა – ლუდვიგ წურწუმია, ფიზიკოსი და ლექტორი იყო, დედა – ნინო ლომთათიძე, უცხო ენების, კერძოდ ინგლისური ენის სპეცილაისტი. ლელას ორი და ჰყავს, ეკა და ხათუნა. ეკა პედაგოგია, ხათუნა – ბიოლოგი. გოგონა ხუთი წლის იყო, როდესაც პირველად მუსიკით დაინტერსდა. ვოკალის პედაგოგებთანაც ბავშვობიდან დადიოდა.

თბილისის 77-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1986-1988 წლებში, სწავლა თბილისის საცირკო – საესტრადო სასწავლებელში განაგრძო. 1990 წელს, თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, მუსკომედიის ფაკულტეტზე ჩააბარა. ორი წლის შემდეგ, კი საბუთები სამსახიობო ფაკულტეტზე გადაიტანა. 1994 – 1996 წლებში სწავლა ასპირანტურაში, ვოკალის განხრით  განაგრძო.

ლელას თატრალურ-მუსიკალური  განათლება და გამოცდილება, მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური შესრულების მანერის და იმიჯის შექმნაში დაეხმარა. 1988 წელს ის ფილარმონიის სოლისტი ხდება და ანსამბლში „თაიგული“ მღერის.

საქვეყნო პოპულარობამდე, 1996 – 1999 წლებში მომღერალი რესტორან „ევროპაში“, ყოველ საღამოს, ცნობილი კომპოზიტორების სიმღერებს ბენდთან ერთად ცოცხლად ასრულებდა. იმავე რესტორანში, სწორედ ამ პერიოდში მისი მომავალი მეუღლე და პროდიუსერი კახა მამულაშვილი მუშაობდა. კახამ, იგივე მამულიჩამ, ახალგაზრდა, მომხიბლავი მომღერალი გოგონა მალევე შენიშნა და როგორც შემდგომში იხსენებს, მან ლელაში ახალი კაშკაშა ვარსკვლავის პოტენციალი გაცნობისთანავე დაინახა. მომღერალისა და პროდიუსერის საქმიანი ურთიერთობა ასე დაიწყო. მალევე კი სხვა გრძნობაში გადაიზარდა. ერთობლივმა მუშაობამ შედეგი მალევე გამოიღო. ლელას პირველივე სიმღერამ, ალბომმა და კონცერტმა აღიარება მოიპოვა და საზოგადოების განხილვის საგნად იქცა. ამ პერიოდის სიმღერებს შორის იყო „მინდა გიმღერო ისევ“ და „პაემანი“. ეს მელანქოლიური სიმღერები მაშინვე ჰიტად იქცა.

1999 წელს, ისრაელში, ქალაქ აშდოდში სიმღერაზე „რად მინდოდა“, კლიპი გადაიღეს, რომელიც საკმაოდ თამამი კადრებით გამოირჩევა. პარალელურად ლელა პირველ ალბომზე „პაემანი“ მუშაობს, რომელიც მსმენელს აუდიოკასეტებზე 2000 წლის მაისს წარუდგინა. ალბომი ძირითადათ ქალაქური, ლირიული სიმღერებისგან შედგებოდა, რამაც თავდაპირველად გაამართლა, მაგრამ მომღერალმა და პროდიუსერმა   მსმენლისთვის სხვა მუსიკა შეთავაზება გადაწყვიტეს. ახალი ალბომის მასალებზე მუშაობა  და პარალელურად სოლო კონცერტისთვის მზადება დაიწყეს.

ლელას, მამულიჩას და პროფესიონალთა გუნდის ნახევარწლიანი შრომის შედეგად, 2000 წლის სექტემბერში, ფილარმინაში მომღერლის პირველი სოლო-კონცერტი შედგა. ეს იყო საქართველოში პირველი, გრანდიოზული შოუ კონცერტი, რომელიც თეატრალური დადგმებით, კოსტიუმირებული სანახაობით და ენერგიული რიტმებით იყო გაჯერებული. განსაკუთრებული ეფექტი ფინალური სიმღერის, სამბას შესრულებამ, თამამმა ჩაცმულობამ და ენერგიულმა რიტმებმა მოახდინა. რის გამოც მომღერალმა მაყურებელის ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურა.

მეორე ალბომი „ოცნება შენზე“ წინამორბედთან შედარებით გაცილებით პოპულარული აღმოჩნდა. მასში სწორედ ის კომპოზიციები იყო შესული, რომელთაც პრემიერაც კონცერტზე შედგა. ალბომის რეპერტუარი დასავლური პოპის, ლათინოამერიკული რითმებისა და მსუბუქი ჯაზის ელემენტებით იყო გაჯერებული, რაც იმ დროისთვეის ქართული მუსიკისთვის სიახლეს წარმოადგენდა. ამ პერიოდში ლელა რეიტინგების სათავეში მოექცა და გამოკითხვებში საუკეთესო მომღერლად და ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმულ ქალბატონად სახელდებოდა.

ლელას პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა, მაგრამ მაღალი დონის მუსიკოსების მიერ დამუშავებული სიმღერები, ლამაზი სანახაობები, ძვირადღირებული კლიპები და სასცენო ჩაცმულობა საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ლელას ალბომები დიდი ტირაჟით იყიდებოდა და კონცერტები ანშლაგით ტარდებოდა, ხარჯი შემოსავალზე მეტი იყო, ამის გამო, 2000 წლისთვის მთელ ქართულ ესტრადას კრიზისული პერიოდი დაუდგა.

ორწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, 2002 წლის მაისში მას-მედიით ლელა წურწუმიას ახალი სოლო-კონცერტის რეკლამა გადაიცემოდა. მაისის ბოლოს კი, სპორტის სასახლეში, მომღერლის მეორე სოლო-კონცერტი სრული ანშლაგით ჩატარდა. სადაც მისი საუკეთესო სიმღერები შესრულდა. მათ შორის იყო „ჩუმად ნათქვამი“, რომელიც მომღერალმა მისი მეგობრის, გიორგი სანაიას ხსოვნას მიუძღვნა. „ეს იყო ყველაზე მომგებიანი და კომერციული შოუ, რაც კი გაგვიმართავს“ – განაცხადა კონცერტის ბოლოს პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა. ამ გამოსვლით ლელას შემოქმედებაში კრიზისულ პერიოდს წერტილი დაესვა.

2002 წელს, თბილისში მეცენატმა და ბიზნესმენმა, ბადრი პატარკაციშვილმა საპროდიუსერო კომპანია „ART – იმედი“ ჩამოაყალიბა, რომელშიც ისეთი მომღერლები გაწევრიანდნენ, როგორებიცაა: მერაბ სეფაშვილი, ნატო მეტონიძე, ეკა კვალიაშვილი, ეკა მამალაძე, თემურ თათარაშვილი, ეკა კახიანი და სხვა. მათ შორის იყო კომპანიის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი ლელა წურწუმია. მან ამ კომპანიის მიერ გამართულ ფაქტობრივად ყველა კონცერტში მიიღო მონაწილეობა და მერაბ სეფაშვილთან ერთად, არტ-იმედის სახედ იქცა.

2003 წელს პოპულარული ალბომის „სულელი წვიმა“, გამოშვების შემდეგ, 2004 წლის 7 დეკემბერს სპორტის სასახლეში, ლელას კიდევ ერთი წარმატებული სოლო კონცერტი შედგა. მომღერალმა ალბომის მხარდასაჭერად, საკონცერტო ტურნე  საქართვალოს მაშტაბით და გერმანიაში, ისრაელსა და საბერძნეთში გამართა. სადაც ადგილობრივ ემიგრანტებს 10-მდე ცოცხალი კონცერტი აჩუქა. ტურნედან დაბრუნებულმა მომღერალმა კი, მუშაობა რამდენიმე პროექტზე დაიწყო.

2006 წელს, ლელამ საკუთარი ცოცხალი ბენდი შექმნა, რომელთან ერთადაც ცოცხალი კონცერტების ტურნე გამართა. ახალი წლისთვის ბენდთან ერთად სოლო-კონცერტი ჩაწერა, რომელიც ტელეკომპანია „იმედმა“ თავის ეთერში გადასცა.  ახალი წლის შემდეგ კი, ალბომი „LIVE – Lela Tsurtsumia“ – კონცერტის DVD, CD და MC ვერსიები გამოვიდა. ეს ლელა წურწუმიას პირველი DVD დისკი იყო. როგორც მისი საიტი იტყობინება, „LIVE — Lela Tsurtsumia“, აქამდე საქართველოში გამოშვებული ყველაზე მაღალი ხარისხის ჩანაწერია.

2007 წელს, ის ლეიბლში „Art Lend“ გაერთიანდა, რომლის დახმარებითაც მისი ალბომები მსოფლიოს სხვადასხვა ინტერნეტ-მაღაზიებში დაიდო. ეს ალბომებია: „წამებს შენთვის ვინახავ“, „LIVE – Lela Tsurtsumia“ და „იამო ჰელესა“ (ლაზური ალბომი). იმავე წლის 9 და 11 მარტს, ლელამ ბენდთან და ქორეოგრაფიულ ჯგუფ „ვერნისაჟთან“ ერთად საბერძნეთის ქალაქებში სალონიკში და ათენში ორი სოლო-კონცერტი გამართა.

ლელა წურწუმიას გამოშვებული აქვს 12 ალბომი. აქედან 7 სტუდიური, 3 საუკეთესო სიმღერების კრებული, 1 ცოცხალი კონცერტი, 1 სინგლი, ხოლო 2 ალბომი კი, საზღვარგარეთ. მისი ალბომებიდან საქართველოში რეკორდული რაოდენობით  „სულელი წვიმა“ გაიყიდა. ლელა წურწუმია სხვადასხვა დროს მონაწილეობას იღებდა მხატვრულ ფილმებში: „ერთი ბედის ანოტაცია“ – 1991 წ. რეჟისორი: თამაზ გოცირიძე; „ხაფანგი“ – 1992 წ. რეჟისორი: ალეკო ნინუა.

დისკოგრაფია

* „პაემანი“ – 2000
* „ოცნება შენზე“ – 2000
* „სულელი წვიმა“ I ნაწილი – 2003
* „სულელი წვიმა“ (სრული ვერსია) – 2004
* „პოპულარული დუეტები“ -  2005
* „წამებს შენთვის ვინახავ“ – 2006
* „იამო ჰელესა“ (ლაზური ალბომი) – 2006

Comments are closed.