ნინი ბადურაშვილი / Nini Badurashvili

ნინი ბადურაშვილი თბილისში, 1985 წლის 27 დეკემბერს, დაიბადა. დედა-ეკა კახიანი მსახიობია, მამა ერეკლე ბადურაშვილი – რეჟისორი.

გოგონა ბავშვობიდან მღერის. ზუსტად არც კი ახსოვს პირველად სცენაზე როდის იმღერა, თუმცა როგორც ეუბნებიან მაშინ ორი წლის იყო… “ძალიან პატარა ვიყავი, კონცერტზე გამოვედი, მგონი თამრიკოც იყო ჭოხონელიძე და მაია ჯაბუა, ამიყვანეს სცენაზე და მამღერეს”. – იხსენებს ნინი.

სცენაზე თავისი თავი სამი-ოთხი წლის ასაკიდან ახსოვს: ,,სცენაზე დამაყენეს, არ ვიცი რა ვიმღერე, მაგრამ მახსოვს სადღაც ტექსტი დამავიწყდა და ძალიან შემრცხვა“.

ექვსი წლის ასაკში ნინი 53-ე საშუალო სკოლაში შეიყვანეს, პარალელურად დადის ბასტი-ბუბუში, სწორედ აქედან იწყება მისი მუსიკალური წარმატებები. პატარა გოგონა იყო ბასტი-ბუბუს სოლისტი. გადაიღეს კლიპი – დათო ევგენიძის სიმღერაზე ,,ნანა ჩემო ბაია” და ეს ხდება იმ პერიოდში როცა საქართველოში კლიპები თითქმის არ არსებობს. მეორე უკვე სერიოზული ვიდეო ნინიმ რვა წლის ასაკში გადაიღო, ეს იყო ვიტნი ჰიუსტონის სიმღერაზე ,, I Wanna Dance“. ნინი ბასტი-ბუბუსთან ერთად იმყოფებოდა ფესტივალზე ანტალიაში, სადაც პირველად შეასრულა სიმღერა უცხოელი მსმენელისთვის.

14 წლის ასაკში ნინი დედასთან, თაკო გაჩეჩილაძესთან და ნეკა სებისკვერაძესთან ერთად იაპონიაში მიდის. ეს იყო კვარტეტი, რომელსაც ერქვა ,,ია“. გოგონები იაპონიის რამდენიმე ქალაქში ფესტივალზე ,,საქართველოს დღეები“ გამოვიდნენ, სადაც ასრულებდნენ ფოლკლორულ სიმღერებს.

შემდეგ იყო რამდენიმე წლიანი პაუზა ნინის მუსიკალურ კარიერაში, ეს იყო დაახლოვებით 14-დან 17 წლამდე. ,,არც მეგონა კიდევ თუ ვიმღერებდი, საერთოდ არ მქონდა ხმა ამ პერიოდში“.

თუმცა შემოქმედებითი პაუზა სრულდება და ნინი აქტიურად და წარმატებულად განაგრძობს მუსიკალურ კარიერას.

«არასოდეს მყვარებია ასე», «ჩუმად მინატრე», «მხოლოდ შენთვის», «ფსოუს წყალი», «4 გოგო» – ეს არასრული ჩამონათვალია იმ სიმღერების, რომლის მიხედვითაც ნინი ბადურაშვილს კლიპები აქვს გადაღებული.
თუმცა მუსიკალურ კარიერაში იყო ბარიერიც… ცუდად ახსენდება ომის შემდგომი პერიოდი, როცა ნინი, სტეფანე, თაკო გაჩეჩილაძე და ქრისტინე იმედაძე ემზადებოდნენ ევროვიზიისთვის სიმღერით “We don`t wanna Putin”…

სამი გოგოს პროექტი ეკუთვნის სტეფანეს და კახას, რომლებიც სარეკლამო კომპანია ,,არტ-ფორუმი“–ს დამაარსებლები არიან, ხოლო სიმღერის იდეა – რეჟისორ დოიაშვილს. პროექტი ევროვიზიაზე ვერ გავიდა – იყო პასუხი: ,,შეცვალეთ ტექსტი“. იყო მუქარებიც „არ ჩამოხვიდეთ თორე მოგკლავთ“… „თუმცა ჩვენ მაინც მზად ვიყავით, რომ გვემღერა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი საქართველო გვეხვეწებოდა არ წავსულიყავით, რადგან მართლაც რეალურად არსებობდა საფრთხე. ყველაზე გულდასაწყვეტი რაც იყო, ეს იყო ქართველი ხალხის პოზიცია, რაზეც დიდი გავლენა მოახდინა ქართულმა პოლიტიკამ. ყველა დაგვიპირისპირდა, მათ შორის ისეთი ხალხი, ვისთანაც ოჯახებით ვმეგობრობდი. ეს დიდი სტრესი იყო ჩემთვის, მეგონა ქართველი ხალხი გვერდით დაგვიდგებოდა“.– იხსენებს ნინი. „მიუხედავად ყველაფრისა სიმღერამ მაინც დიდი ინტერესი გამოიწვია, ამხელა აჟიოტაჟმა დიდი რეკლამა გაუკეთა მას. დაინიშნა ტურნე ევროპაში. ,,მიგვიწვია „BBC“-მ, ეს იყო მართლაც წარმოუდგენელი, რამდენიმე წლის წინ ვერც ვიფიქრებდი ამას, არ გვჯეროდა რომ BBC -ის სტუდიაში ვიმყოფებოდით. ჩვენმა სიმღერამ დიდი მოწონება დაიმსახურა. ევროპის დიჯეების ჩარტებში ,,we don’t wonna putiin“ მეორე ადგილზე მოხვდა. საბოლოო ჯამში ეს წელი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ჩემთვის“. – დასძენს ნინი

P.S

მან შ. რუსთაველის სახ. თეატრალური უნივერსუტეტის თეატრისა და კინოს სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა.

ნინი ბადურაშვილმა რამდენიმე ქართულ ფილმსა და სატელევიზიო სერიალში მიიღო მონაწილეობა.

ის რეგულარულად მონაწილეობს თბილისში გამართულ მასშტაბურ საკონცერტო პროექტებში.

ნინის გამოცემული აქვს 1 სოლო ალბომი.

დაჯილდოვებულია “ღირსების ორდენით”, გარდა ამისა მრავალი საპატიო პრიზისა და დიპლომის მფლობელია.

Comments are closed.