დადიანების დინასტია: სხვა სასახლეები, რეზიდენციები და ნაგებობები

გორდის სასახლე

დადიანების საზაფხულო რეზიდენცია, გორდის სასახლე, კიდევ ერთ არქიტექტურულ საგანძურს წარმოადგენდა. 1841 წელს სამეგრელოს საზღვარზე, იმერეთის დაბა გორდის მახლობლად, რუსი არქიტექტორის, ლეონიდ ვასილიევის პროექტის მიხედვით ამ ორსართულიანი, ციხე-სიმაგრის მსგავსი ნაგებობის მშენებლობა დაიწყო. დასრულებული სახით შენობა სიგრძეში 40 მეტრს და სიგანეში 20 მეტრს შეადგენდა. პირველ სართულს სვეტები და თაღები ჰყოფდა, ხოლო მეორე სართულზე დიდებული დარბაზი, მისაღები ოთახი, სალონი და ბიბლიოთეკა იყო განთავსებული.

დავით დადიანმა მოიწვია სახელგანთქმული აგრონომი და ლანდშაფტის არქიტექტორი, იოსებ ბაბინი, რომელიც აგრეთვე ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გაშენებას ხელმძღვანელობდა და რომელსაც გორდის სასახლის გარშემო ბაღების დაპროექტება დაევალა. სამუშაოები ბაბინიმ დაიწყო და მოგვიანებით მშენებლობაზე პასუხისმგებლობა იტალიელმა მებაღემ გაეტანო ძამბერლეტიმ გადაიბარა. 80 ჰექტარზე გადაჭიმულ ტერიტორიას ქვის კედელი ჰქონდა გარშემორტყმული, რომელშიც სამი დაცული ჭიშკარი იყო დატანებული. ამ კომპლექსში აბანო და ხელოვნური ტბაც შედიოდა.

ბოლშევიკური რევოლუციის დროს, როდესაც გორდის სასახლეში წითელი არმიის შენაერთები იყვნენ დაბანაკებულნი, სასახლეში დაცული იარაღი, ავეჯი და ჭურჭელი მთლიანად გაიძარცვა. მოგვიანებით ადგილობრივი ხელისუფლების წახალისებით სასახლის ძარცვა თავად სოფლის მოსახლეობამ გააგრძელა და ყველაფერი, რაც ოდნავ მაინც რაიმე ღირებულებას წარმოადგენდა – კარები, ფანჯრები, ორნამენტებით შემკული ხის სვეტები, – პირწმინდად გაიზიდა. დღეისათვის სასახლისგან უსახურავო კარკასიღა შემორჩა.

სალხინოს სასახლე

კიდევ ერთ არქიტექტურულ ნიშანსვეტს სალხინოს სასახლე წარმოადგენდა, რომელსაც ქვევრის სასახლესაც ეძახდნენ, ხოლო რატომ, ქვემოთ გახდება ნათელი. სასახლე თავდაპირველად მარტვილის ეკლესიის მახლობლად, სოფელ სალხინოში აშენდა დავით დადიანის მამის ლევან V დადიანის მეფობისას (1804-1840), სადაც ადრე მოკრძალებული ზომის სამეფო რეზიდენცია იყო, თუმცა შენობამ საბოლოო სახე კარგა ხნის შემდეგ მიიღო. სამშენებლო მასალა ამ ადგილზე გლეხებმა მოზიდეს, რისთვისაც ურმებში შებმული 100 წყვილი ხარისა და კამეჩის გამოყენება დასჭირდათ.

ქვედა სართულის დიდ დარბაზში იყო ჩაშენებული ქვევრი და მასიური, მდიდრულად გაფორმებული ბუხარი, რომლის თავზედაც ბაკქუსის ქანდაკება იყო წამომჯდარი. კედლები მუხისა და წაბლის პანელებით იყო მოპირკეთებული. სალხინოს კომპლექსში აგრეთვე შედიოდა უზარმაზარი, 35 მეტრი სიგრძისა და 10 მეტრი სიგანის, ღვინის მარანი. ქართველი ისტორიკოსი იონა მეუნარგია ამ სასახლის შესახებ ასე წერდა:

„სასახლე ოჯალეშის ჯიშის ვაზის სამშობლოს მახლობლად, კალმახით განთქმულ მდინარე ჭეშურას ნაპირზე მდებარეობდა… სასახლის დაგეგმარება, პირველ სართულზე განლაგებული მარნითა და ქვევრით, მუხის სვეტებითა და ლამაზი ორნამენტებით მორთული თაღებით, მთლიანად ამართლებს თავის სახელ „სალხინოს“. ამგვარი სასახლის აგების იდეა და თანაც ასეთ ადგილას მხოლოდ თავად ლევან დადიანს თუ მოუვიდოდა თავში, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ქეიფსა და დროსტარებაში გაატარა“.

გორდის სასახლის მსგავსად, სალხინოს სასახლე, საბჭოთა რეჟიმის დროს გაიძარცვა და განადგურდა და თანაც ეს სოციალური თანასწორობის სახელით კეთდებოდა; შედეგად, სასახლისაგან მხოლოდ გამოშიგნული ნაჭუჭიღა დარჩა.

სხვა ღირსშესანიშნავი ნაგებობები

დადიანების მიერ აგებულ სხვა ღირსშესანიშნავ სასახლეებს შორის კურზუს (ლამაზი, ერთსარულიანი ნაგებობა, რომელიც ქართული ანბანის „ე“ ასოს ფორმით იყო აგებული), ჭაქვინჯის (ციხე-სიმაგრის მსგავსი შენობა), რუხისა (აგრეთვე ციხე-სიმაგრის სტილში) და ნოღას (უნიკალური წრიული ფორმის მქონე) სასახლეები გამოირჩევა. კურზუსა და ნოღას სასახლეები აღარ არსებობს, თუმცა ჭაქვინჯი, სადაც დავით დადიანი დაიბადა, ახლაც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. რუხის სასახლე, რომელიც კონფლიქტურ რეგიონში, აფხაზეთში მდებარეობს, დღემდეა შემორჩენილი, თუმცა მისი დღევანდელი მდგომარეობის შესახებ არაფერია ცნობილი.

აღნიშვნის ღირსია კელასურის კედელი, რომელიც XVII საუკუნეში აფხაზი ფეოდალების შემოტევების მოგერიების მიზნით ლევან დადიანის მიერ იქნა აშენებული. იგი რამდენიმე კოშკისა და ციხე-სიმაგრისაგან შედგებოდა, 60–ზე მეტ კილომეტრზე იყო გადაჭიმული და რუხის ციხესთან მთავრდებოდა. კედლის უმეტესი ნაწილი დღევანდელ აფხაზეთში მდებარეობს, მაგრამ ადრე ეს ტერიტორია სამეგრელოს ეკუთვნოდა.

დადიანების ზოგიერთი სასახლე და სხვა ტიპის ნაგებობები საქართველოს საზღვრებს გარეთ, უმეტესად რუსეთში, მდებარეობდა და ასევე გვიქმნის წარმოდგენას ამ ოჯახის სიმდიდრესა და ძლიერებაზე. ჯერ კიდევ XVII საუკუნეში, ლევან დადიანის მეფობის დროს, ოჯახი საკუთრებას რუსეთში ფლობდა, ხოლო ნიკო დადიანი, რომლის ტახტიდან გადადგომითაც დადიანების მეფობა ოფიციალურად დასრულდა, მთელს კავკასიაში განთქმული იყო, როგორც დიდძალი უძრავი ქონების პატრონი და მის მფლობელობაში სევასტოპოლსა და როსტოვში შეძენილი უძრავი ქონებაც შედიოდა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში, დადიანებს მოსკოვშიც, ლიუბლიანკას მოედანზე ეკუთვნოდათ სახლი, მაგრამ იგი საბჭოთა დროს დაანგრიეს და მის ადგილას სამთავრობო დაწესებულება ააშენეს, რომელშიც დღეისათვის რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მდებარეობს. ნიკოს ძმას, ანდრია დადიანს (1850-1910) სახლი უკრაინაში, კიევში ჰქონდა; სამსართულიანი შენობა ვარდისფერი ქვის ფილებით იყო მოპირკეთებული, ხოლო იატაკი ჭადრაკის დაფის სტილში იყო დაგებული, რაც ანდრიას ჭადრაკისადმი სიყვარულს გამოხატავდა. დადიანებმა თავიანთი კვალი მოლდოვაშიც დატოვეს. მათ იქ შეძენილი ჰქონდათ დიდი, სამსართულიანი შენობა, რომლის არქიტექტურაც იტალიური რენესანსისა და გოთური სტილების ნაზავს წარმოადგენდა. მასში გოგონათა სასწავლებელი ფუნქციონირებდა. შენობა დღესაც დგას კიშინიოვში და მასში მოლდოვის ხელოვნების მუზეუმია განთავსებული.

Comments are closed.