ხობის მესამე საერთაშორისო ფესტივალი

2007 წლის 3-4 ივნისს, ხობში მესამედ ჩატარდა საერთაშორისო ფესტივალი “სიმღერა სამეგრელოზე”. ფესტივალს დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე.

ფესტივალში მონაწილეობდა საქართველოსა და მსოფლიოს ცხრა ქვეყნის 1000-ზე მეტი შემსრულებელი. სულ კი ფესტივალის დღეებში ხობმა 1500-მდე სტუმარს უმასპინძლა.

ფესტივალის წინ ფონდის მიერ ჩატარდა კონკურსი ახალი სიმღერების შესაქმნელად, რომელშიც  ოცზე მეტი კომპოზიტორი მონაწილეობდა. კონკურსის შედეგები შეაჯამა პროფესიულმა ჟიურიმ, ბატონი გომარ სიხარულიძის თავმჯდომარეობით. პრველი – მეორე ადგილები გაიყვეს კომპოზიტორებმა: ვაჟა აზარაშვილმა (სიმღ. “ჩემი სამეგრელო”), მარიკა კვალიაშვილმა (სიმღ. “ოდა სამეგრელოს”) და ნუნუ დუღაშვილმა (სიმღ. “ჰიმნი სამეგრელოს”). მესამე ადგილზე გავიდა ჯუმბერ ჯანდიერის სიმღერა “შენ გიმღერი,შენ კოლხეთის დედოფალო”, წამახალისებელი ჯილდო კი ერგო კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის სიმღერას “ჩქიმი კუნთხუ”.

ახალი სიმღერები შექმნეს ასევე კომპოზიტორებმა რუსუდან ხორავამ და ჯემალ სეფიაშვილმა.

გასული წლების მსგავსად, ფესტივალის პროგრამით წელსაც მომზადდა და გამოიცა სხვადასხვა მასალები: მონოგრაფიის “ ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები”- სამეგრელო (მეოთხე ტომი) და შევსებული სახით გამოვიდა წინა სამი ტომიც; დაიბეჭდა სანოტო კრებული სერიიდან “ქართული ხალხური მუსიკა” (არჩილ ხორავას კრებული); ანზორ ერქომაიშვილის კატალოგი “ქართული ფონოჩანაწერები უცხოეთში”; ლადო გეგეჭკორის ცნობარი “ ხალხური სიმღერის მოამაგენი”; “მეგრული პოეზიის კრებული”. კომპაქტდისკები: “ნოკო ხურცია”, “კირილე პაჭკორია”, “პოლიკარპე ხუბულავა”, “ქართული სიმღერის სათავეებთან”, ხელმეორედ გამოიცა “ჰარირა”.

ფესტივალის პროგრამით ხობის კულტურის სახლში, ჩატარდა გამოჩენილი ქართველი მომღერლის, რუსეთის დიდი თეატრის სოლისტის, ზურაბ სოტკილავას საიუბილეო საღამო, რომელშიც ქართველ შემსრულებლებთან ერთად მონაწილეობდნენ დიდი თეატრის ვარსკვლავები: ც. ტატიშვილი, ე. ობრასცოვა, გ. სტეპანენკო, ს. გაიდეი, ბ. პეტრუშანსკი და სხვები. საიუბილეო კონცერტზე ბატონ ზურაბ სოტკილავასთან ერთად იმღერა, საქართველოს პირველმა ლედიმ, ქალბატონმა სანდრა რულოვსმა.

ფონდის ინიციატივით და მხარდაჭერით, ფესტივალის პროგრამით გამოიცა სამი კომპაქტდისკი, ზურაბ სოტკილავას ხმოვანი ჩანაწერებით; მომზადდა ბუკლეტი და შეიქმნა დოკუმენტური ფილმი მის ბიოგრაფიაზე.

ფონდისა და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის მიერ, ხობში გაიხსნა ძუკუ ლოლუას სახელობის “ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმი (სამეგრელო)”. ქართული ხალხური სიმღერისა და გალობისა საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებლის, საქართველოს პარლამენტის წევრის, ბატონ ვანო ჩხარტიშვილის ინიციატივით კი მუზეუმთან შეიქმნა ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის სკოლა “ჰარირა”, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისათვის.

ფესტივალის დასკვნითი კონცერტი ჩატარდა სოფელ ხეთის ულამაზეს თეატრონზე, სადაც შესრულდა  ფესტივალისთვის სპეციალურად დაწერილი 20 ახალი სიმღერა. ფესტივალი დასრულდა გრანდიოზული ფეიერვერკით.

ფესტივალის პროგრამით განხორციელებული ყველა ღონისძიებისა და სტუმარ – მასპინძელთა საერთო განწყობის გათვალისწინებით, ხობის ფესტივალი ნამდვილ სახალხო დღესასწაულად იქცა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მის წარმატებაზე.

Comments are closed.