ელენე ჭუბაბრია / Elene Chubabria

ჭუბაბრია ელენე ალექსის ასული (1905-1979) – მომღერალი. დაიბადა 1905 წლის 13 მარტს ბათუმში. გამოირჩეოდა განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით. ჰქონდა ულამაზესი ტემბრის ხმა, შესანისნავად უკრავდა ჩონგურსა და გიტარაზე. სიმღერა დაიწყო შვიდი წლის ასაკში ბათუმის რუსულ “ქოროში”, რომელსაც იუსტინე კალანდაძე ხელმძღვანელობდა. 1921 წლიდან სიმღერას აგრძელებს აჭარის სახელმწიფო აკადემიურ გუნდში, მელიტონ კუხიანიძის ხელმძღვანელობით.

1933 წლიდან ელენე ჭუბაბრია თბილისში გადმოდის საცხოვრებლად. თავდაპირველად ელენე კოტე ფოცხვერაშვილმა მუშათა და გლეხთა პატარა გუნდში მიიწვია სამუშაოდ, შემდეგ თავისივე ხელმძღვანელობით არსებულ თბილისის აკადემიურ გუნდში ჩარიცხა სოლისტად. ცოტა ხანში ამ გუნდს შეუერთდა მეჩონგურე ქალთა მწყობრი, ავქსენტი მეგრელიძის ხელმძღვანელობით, მწყობრში ელენე ჭუბაბრიაც მიიწვიეს. 1937 წლის დასაწყისში მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნების პირველ დეკადაზე, დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდის შემადგენლობაში გამოდიოდა მეჩონგურე ქალთა ანსამბლი. დეკადაზე ქართულ კულტურას კოლოსალური წარმატება ხვდა წილად, ხოლო ელენე ჭუბაბრია დაჯილდოვდა საპატიო ნიშნის ორდენით.

საქართველოს რადიოს ფონდში ინახება მისი ჩვეული გულწრფელობითა და ვირტუოზულობით ნამღერი მეგრული, თუ კახური ჩონგურ-ფანდურზე დასამღერებელი სიმღერები. ელენეს მიერ შესრულებულ თითოეულ სიმღერას საკუთარი ინტერპრეტაცია ჰქონდა. მის ხმაში იგძნობოდა ის სულიერი განწყობა, რაც ჩვენი ხალხის სიმღერებშია ჩაქსოვილი.

ელენე ჭუბაბრია გარდაიცვალა 1979 წლის 2 დეკემბერს. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

Comments are closed.