ისლამ ფილფანი / Islam Filfiani

ფილფანი ისლამ (ექვთიმე) მაქსიმეს ძე დაიბადა 1935 წლის 1 მაისს, მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში. ისლამის მამა და მისი ოთხი ძმა კარგი მომღერლები ყოფილან. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ალექსი, რომელიც 1934-35 წლებში მესტიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს ხელმძღვანელობდა. ისლამის დედაც – მართა გულედანი – და მისი დები (ლენჯერის თემის სოფელ ნესგუნიდან) კარგი მომღერლები ყოფილან, მაგრამ ისლამი სიმღერის სიყვარული და ნიჭს მაინც ფილფანების გვარს უმადლის.

სკოლის მოსწავლე მესტიის ანსამბლში ჭუნირზე უკრავდა და მღეროდა. შესანიშნავი მუსიკალური მონაცემების მქონე, სიმღერის ყველა ხმას ერთი მოსმენით იმახსოვრებდა. თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დედაქალაქში დარჩენაც შესთავაზეს, მაგრამ ისლამმა ოჯახი ვერ მიატოვა და სვანეთში დაბრუნდა. სიმღერის მასწავლებლად მუშაობდა საშუალო და სამუსიკო სკოლებში. მალე სამუსიკო სკოლის დირექტორადაც დაინიშნა და სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი “რიჰო” ჩამოაყალიბა, რომელსაც დღესაც ხელმძღვანელობს. ანსამბლის რეპერტუარში სვანური სიმღერებია, რომელთა უდიდესი ნაწილი სინკრეტულად სრულდება (ცეკვასთან, ფერხულთან ერთად).

ისლამ ფილფანს დიდი დამსახურება მიუძღვის სვანური სიმღერის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდობის აღზრდაში. გასული საუკუნის 90-იან წლებში მისმა ვაჟმა ვახტანგმა, მესტიის კულტურის განყოფილების გამგემ, ბავშვთა ანსამბლი “თეთნულდი” ჩამოაყალიბა და კონსულტანტობა მამას სთხოვა, ქორეოგრაფად კი კანდიდ მერლანი მიიწვია.

ისლამ ფილფანი არაერთხელ მიიწვია საფრანგეთში ანსამბლმა “მარანმა” – სვანური სიმღერებისა და ჭუნირზე დაკვრის სასწავლებლად. გარდა ჭუნირისა, შესანიშნავად უკრავს ჩონგურზე, კარგად იცის მეგრული სიმღერები და ერთი პერიოდი ზუგდიდის ანსამბლ “ჩელას” ლოტბარობდა.

ისლამ ფილფანის ხალხურ სტილში შექმნილი სიმღერებიდან აღსანიშნავია “ნანილ ნანილ ნანაილა”. იგი დღესაც მონდომებითა და სიყვარულით უძღვება ანსამბლს. არა ერთხელ იმყოფებოდა საგასტროლოდ ევროპაში, ჩაწერილი აქვთ ერთი კომპაქტდისკი.

“რიჰო” 2005-2006 წლების საქართველოს ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის ლაურეატია.

Comments are closed.