ნიკოლოზ სამჭკუაშვილი / Nikoloz Samchkuashvili

Nikoloz Samchkuashviliსამჭკუაშვილი ნიკოლოზ (ჯოყოლა) რაჟდენის ძე (1914-1992) – მომღერალი. დაიბადა 1914 წლის 27 იანვარს, სოფელ მარტყოფში. პაპამისი ადამი კარგი მომღერალი ყოფილა. ჯოყოლა მას არ მოსწრებია, მაგრამ სიმღერისადმი სიყვარული და კარგი ხმა გენეტიკურად დაჰყვა.

რვა წლისა ცხვარში გააბარეს. ხალხური სიმღერის კარგმა მცოდნემ და ფანდურზე დამკვრელმა – მირონ სამჭკუაშვილმა – პატარა ფანდური გამოუთალა, დაკვრა-სიმღერა ასწავლა და გზა დაულოცა. ჯოყოლა ერთი წლის შემდეგ შესანიშნავად უკრავდა. მამას გული წყდებოდა, შვილი უსწავლელი რომ რჩებოდა და საველე სკოლაში მიაბარა. შემდეგ ჯოყოლამ სწავლა ღამის სკოლაში გააგრძელა და რვაწლედი დაამთავრა. 1930-ანი წლების დასაწყისში მარტყოფის რაიონის სკოლებსა და კლუბებთან აყალიბებს მეჩონგურეთა ანსამბლებს, ხოლო 1938 წლიდან კი აერთიანებს და ქმნის მომღერალთა და მეჩონგურეთა ანსამბლს.

ჯოყოლა სამჭკუაშვილმა დაამთავრა ხალხური შემოქმედების სახლთან არსებული საგუნდო-სადირიჟორო კურსები, კონსერვატორიასთან არსებული პირველი სამუსიკო სასწავლებელი საგუნდო-სადირიჟორო განხრით და ჩაირიცხა კონსერვატორიის ვოკალურ ფაკულტეტზე. ომისა და ხელმოკლეობის გამო სწავლა ვერ დაასრულა, სოფელს დაუბრუნდა და მარტყოფის რაიონის სხვადასხვა სკოლაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, რისთვისაც მიენიჭა რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგის წოდება.

ჯოყოლა სამჭკუაშვილი გარდაიცვალა 1992 წელს. დასაფლავებულია მარტყოფში.

Comments are closed.