ვარლამ ვაშალომიძე / Varlam Vashalomidze

ვაშალომიძე ვარლამ არტემის ძე (1896-1987) – მომღერალი, ლოტბარი. დაიბადა 1896 წელს ოზურგეთის, მთისპირის თემის, სოფელ ვანისქედში. მშობლებს ვარლამსა და პელაკის სიმღერა ეხერხებოდათ, სხვადასახვა ინსტრუმენტებზეც უკრავდნენ. ოჯახში ჰქონდათ ჩონგური, ქართული გარმონი, და დაირა.

ცამეტი წლის ასაკში ვარლამი პირველად შეხვდა ვარლამ სიმონიშვილს, თუმცა მათი შემოქმედებითი ურთიერთობა მოგვიანებით დაიწყო, როდესაც 1928 წელს სიმონიშვილმა თავის ეთნოგრაფიულ ანსამბლში მიიწვია. იგი მაღალ ხმას მღეროდა, როგორც ანსამბლურ, ასევე ტრიოთი შესასრულებელ სიმღერებში. ვარლამ ვაშალომიძემ მონაწილეობა მიიღო მოსკოვში გამართულ ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე, როგორც დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის გურული ფრთის ერთერთმა წარმომადგენელმა.

1934 წლიდან ვარლამ ვაშალომიძე სათავეში ედგა მშობლიური სოფლის მთისპირის საკოლმეურნეო გუნდს. 1957 წლიდან მღეროდა ვლადიმერ ერქომაიშვილის “შვიდკაცაში”. 1963 წლიდან კი მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა უხუცეს გურულ მომღერალთა ანსამბლი “დილა”, რომელსაც თავადვე ჩაუდგა სათავეში. ეს იყო დიდი ვარლამ სიმონიშვილის საუკეთესო მოწაფეთა ახალი გაერთიანება.

1980 წელს ვარლამ ვაშალომიძეს მიენიჭა საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწის წოდება.

ვარლამ ვაშალომიძე გარდაიცვალა 1987 წლის 5 სექტემბერს. დაკრძალულია ვანისქედის სასაფლაოზე.

Comments are closed.