ტრიფონ ხუხუა / Trifon Xuxua

Trifon Xuxuaხუხუა ტრიფონ დავითის ძე (1911-1975) – ლოტბარი, მომღერალი. დაიბადა 1911 წლის 5 ნოემბერს მარტვილის რაიონის სოფელ კიწიაში. ტრიფონის დედა ვარდო ჩავლეიშვილი, ასკანელი ქალი, გურული სიმღერის კარგი მცოდნე და შემსრულებელი ყოფილა, ამიტომ ტრიფონს არა მარტო მეგრული, არამედ გურული სიმღერაც ბავშვობიდანვე ჰქონდა შესისხლხორცებული. ხუხუების საგვარეულო განთქმული ყოფილა, როგორც კარგი მომღერლები და მგალობლები. ტრიფონი ხალხურ სიმღერას ზოგჯერ ყანაში სწავლობდა, მას კარგი პირველი ხმა ჰქონდა და ყანის მთოხნელები ხშირად იყენებდნენ ხოლმე სიმღერაში მისაშველებლად.

1925 წელს კიწიას საშუალო სკოლაში, რემა შელეგიას საუკეთესო მოსწავლემ – ვალიკო ჭუბაბრიამ გუნდი ჩამოაყალიბა, რომელშიც ტრიფონ ხუხუაც მღეროდა. სწორედ ამ გუნდში სიმღერამ შთაუნერგა ტრიფონს სალოტბარო საქმისადმი ინტერესი. გარდაიცვალა ვალიკო ჭუბაბრია და მისი გუნდის ლოტბარობა 15 წლის ტრიფონ ხუხუას დაავალეს. 1930 წელს ტრიფონმა სწავლა განაგრძო სენაკის პედაგოგიურ სასწავლებელში, აქვე ჩამოაყალიბა გუნდიც. ამ გუნდთან მუშაობის პერიოდში ტრიფონი საკმაოდ გაიზარდა როგორც ლოტბარი. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ოცდაორი წლის ტრიფონი მშობლიურ სოფელს უბრუნდება და სკოლაში აყალიბებს ორ გუნდს. ორივე გუნდმა სერიოზულ წარმატებას მიაღწია რაიონულ ოლიმპიადებსა თუ დათვალიერებებზე.

ტრიფონ ხუხუა არა ართხელ იქნა რეპრესირებული, ორჯერ მალევე იქნა შესაძლებელი მისი დახსნა მაგრამ, 1952 წელს “მეგრელიზაციის” შეთითხნილი კამპანიის ჟამს ტრიფონ ხუხუა კვლავ დააპატიმრეს, მას 10 წელი მიუსაჯეს და გადაასახლეს კრივოი როგის რკინის მაღაროებში სამუშაოდ. მან აქაც შექმნა ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი, 1953 წელს იგი გაათავისუფლეს. მიუხედავად მძიმე სულიერი სტრესისა მან მოიკრიბა ძალა და კვლავ შეუდგა თავის საყვარელ საქმეს და სამეგრელოს სხვადასხვა სოფლებში ჩამოაყალიბა გუნდები. ტრიფონ ხუხუას დიდი ოჯახი ჰქონდა. მის ოჯახში ყველა მღეროდა, მათ შესანიშნავი საოჯახო ანსამბლი ჰქონდათ. ტრიფონ ხუხუას მოღვაწეობის მთავარი ნიშან-თვისება იყო ძველი სიმღერების აღდგენა პირვანდელი სახით, მათი შესრულება ყოველგვარი გადამუშავებისა და ზედმეტი შელამაზების გარეშე. მას შექმნილი აქვს რამოდენიმე სიმღერა საკუთარ ტექსტზე: “მარულა”, “სი ვარდისუ ვაჯუგუდე”, “მუხაშგვარი”, “ზარმაცი ბექია”, “მარებელი”, “ბურდღუ დო კესარია” და ბევრი სხვა.

1975 წლის 14 ივნისს ტრიფონ ხუხუა მოულოდნელად გარდაიცვალა.

Comments are closed.