ნოკო ხურცია / Niko Xucia

Niko Xuciaხურცია ნოკო ალექსანდრეს ძე (1905-1949) – მომღერალი, ლოტბარი. დაიბადა 1905 წელს სოფელ მენჯში (სენაკის რაიონი) მომღერალთა ოჯახში. მღეროდა ბაბუა, დედ-მამა, მამიდები და პატარა ნოკოც. მუსიკის პირველი მასწავლებელი ვალერიან გეგეჭკორი იყო. 16 წლის ნოკო მღერის სენაკის გუნდში, რომელსაც სახელგანთქმული ლოტბარი რემა შელეგია ხელმძღვანელობდა. ამ გუნდში სიმღერით დიდი გამოცდილება მიიღო. სწორედ აქ ჩამოუყალიბდა მას ძლიერი და ლამაზი ტემბრის ტენორი.

1923 წელს ნოკო ხურციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა, მესამე კურსიდან კი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში გადავიდა. სწავლის წლებში იგი მღეროდა პროფკავშირებთან არსებულ მომღერალთა გუნდში კორნელი მაღრაძის ხელმძღვანელობით. აქ ნოკო ხურციამ მრავალი ძველი ქართული ხალხური სიმღერა და საგალობელი შეისწავლა.

1925 წლიდან ნოკო ხურცია ცნობილ ლოტბართან – კირილე პაჭკორიასთან – დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულ გუნდში მღერის. 1932 წელს იგი ბრუნდება სენაკში, მღერის რემა შელეგიას გუნდში, გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ხდება – რემა შელეგიას კონცერტების ორგანიზებაში ეხმარება.

1936 წლიდან ნოკო ხურცია თბილისში კვლავ დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში მღერის. 1937 წელს მონაწილეობს მოსკოვში გამართულ ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაში და ჯილდოვდება საპატიო ნიშნის ორდენით.

1937 წლის ზაფხულში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები – საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლად გაერთიანდა. ხელმძღვანელები – გრიგოლ კოკელაძე და სანდრო კავსაძე. ფაქტობრივად, სანდროს, ავადმყოფობის გამო, უფროსი ვაჟი – დათაშკა კავსაძე ცვლიდა. ნოკო ხურცია კვლავაც ამ ანსამბლის წამყვანი სოლისტია.

1945-1949 წლებში ნოკო ხურცია ხელმძღვანელობდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის გუნდს. მასი აღზრდილია ცნობილი მომღერლები და ლოტბარები: ჯოკია მეშველიანი, ოთარ ქოქოსაძე და სხვები. ქართული ხალხური სიმღერის შესანიშნავმა მცოდნემ ნოკო ხურციამ მრავალი სიმღერა აღადგინა და ააჟღერა: “უტუს ლაშქრული”, “ოდოია”, “ჰარირა”.

ნოკო ხურცია გარდაიცვალა 1949 წელს. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

Comments are closed.