მოსკოვის წმიდა გიორგის ეკლესია

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში “ბოლშაია გრუზინსკაიას” ქუჩაზე მდებარეობს წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელშიც წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღესრულება. XVIII საუკუნეში ამ ტაძრის ირგვლივ ცხოვრობდნენ ქართველები ამიტომაც მას ეწოდება წმიდა გიორგის ეკლესია “გრუზინებ”-ში მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეკლესიის ირგვლივ თითქმის აღარ ცხოვრობენ ქართველები, მას კვლავ ადრინდელი სახელით მოიხსენიებენ.

მოსკოვში ქართველებმა XVII-XVIII საუკუნეში რამდენიმე ეკლესია მონასტერი ააშენეს და ისინი მრავალმხრივ კულტურულ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდნენ. წმიდა გიორგის ეკლესიის აშენების ხელმძღვანელობა ითავა მეფე ვახტანგ VI შვილმა რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტ გიორგი ბაგრატიონმა, რომელიც მოსკოვის დონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის უფლის მირქმის სახელობის ეკლესიაში განისვენებს.

XVIII საუკუნის I მეოთხედში ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის უმცროსმა ძმამ იესემ მუსულმანობა მიიღო და ირანის შაჰი დაარწმუნა თავისი ძმის ღალატში, ამის გამო შაჰმა ვახტანგ მეფეს ქართლის მეფობა ჩამოართვა და მეფედ მისი ძმა იესე (ალი-ყული-ხანი) დანიშნა (1714 წ.). ვახტანგმა ცოლ-შვლი იმერეთში გაგზავნა და ირანის შაჰთან გაემგზავრა. მან მოსაჩვენებლად და ერთგულების დასამტკიცებლად მუსულმანობა მიიღო და ქართლის სამეფო ტახტი კვლავ დაიბრუნა (1716 წ.). იესე ცოლის ძმასთან კახეთის მეფე კონსტანტინესთან გაიქცა, მაგრამ სპარსელებმა მეუღლესთან ერთად შეიპყრეს და თბილისის ციხეში ჩასვეს. ვახტანგს შეეცოდა ძმა გაათავისუფლა და ის მოსამართლეთა უფროსად დანიშნა. გავიდა დრო და იესემ ირანის შაჰს მეფე ვახტანგის რუსეთის იმპერატორ პეტრე დიდთან საიდუმლო ურთიერთობის შესახებ აცნობა, რამაც ძლიერ გაანაწყენა შაჰი. მან ვახტანგს კვლავ ჩამოართვა ქართლის მეფობა და მისი სამეფო კახეთის მეფეს შეუერთა, რომელმაც სპარსელთა დახმარებით თბილისიდან განდევნა ვახტანგი. იმის გამო რომ ვახტანგმა რუსეთთან ერთობა გადაწყვიტა თურქეთმაც მოინდომა მისი დასჯა. მის დასასჯელად გამოგზავნილ ჯარის სარდალთან ვახტანგმა მოსალაპარაკებლად თავისი ძმა იესე გააგზავნა, რომელმაც ისარგებლა მომენტით და თურქები თავის სასარგებლოდ გამოიყენა. ის შიიტური მოძღვრებიდან სუნიტურზე გადავიდა, თურქთა ნდობა მოიპოვა და მათი დახმარებით შეძლო ვახტანგისა და მის მომხრეთა სამეფო კარიდან გაძევება. თურქებმა მის ცოლიძმას კახეთის მეფე კონსტანინეს თავი მოჰკვეთეს და იესეს ქართლ-კახეთის მეფობა უბოძეს.

ვახტანგ მეფე დიდი ამალით, რომელიც 1286 სრულასაკოვან ადამიანს ითვლიდა 1724 წლის 15 ივლისს საქართველოდან რუსეთს გაემგზავრა. მასთან ერთად ქართლიდან გავიდნენ: სახელმწიფოს წარმმართველნი, სამხედრო წინამძღოლები, მწერლები, საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელნი და ერისათვის საჭირო მრავალი ადამიანი. მძიმე და ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ ქართველები ნაწილ-ნაწილ ჩამოვიდნენ მოსკოვში. ისინი ჯერ დროებით აქ მცხოვებ მოქალაქეთა სახლებში ჩაასახლეს, ხოლო შემდეგ “село Восскресенское» გამოუყვეს სასახლეებისა და საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად. რუსეთის მთავრობამ ერთდრულად ქართველებს სამშენებლო საჭიროებისათვის გამოუყო 10000 მანეთი. 1730 წელს ქართველთათვის “პრესნიაზე” 100 მეტი სახლი აშეენეს. ყველაზე დიდი საკარმიდამოები სასახლეთა ასაშენებლად ერგოთ მეფეს, ბატონიშვილებს, თავადებსა და აზნაურებს.

ქართველთა შორის იყვნენ სასულიერო პირები: 6 მღვდელმთავარი ქრისტეფორე სამთავრელი, პავლე თბილელი, ნიკოლოზ მროველი, არსენ მანგლელი, ნიკოლოზ ურბნელი და იონა), რომელთაც შემდგომ მიემატნენ ეპისოპოსები იოსები (ქობულაშვილი), რომანოზი (ერისთავი) და იოანე.

სასახლეებში არსებულ სალოცავებში ქართველნი მღვდელმსახურნი ქართულ ენაზე მსახურებდნენ. მიტროპოლიტმა რომანოზმა კი, რომელიც მოსკოვის იოანე წინამორბედის შობის სახელობის ტაძრის საკურთხეველში განისვენებს, 1734 წელს ‘პრესნიაზე’ თავის სასახლესთან ააგო ხის ეკლესია. ამიტომაც აქ მცხოვრები ქართველებისათვის საერთო ეკლესიის აშენება მხოლოდ 20 წლის შემდეგ მოხერხდა.

ეკლესიის აშენებისათვის გენერალ-ლეიტენანტ გიორგი ბაგრატიონმა შეარჩია მეტად მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ადრე იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია ყოფილა და ხანძრისაგან დამწვარა. ეს საეკლესიო ადგილი მისი სასახლის გვერდით მდებარეობდა და აქ მცხოვრებ ქართველებისათვის სალოცავად მეტად მოსახერხებელი იყო. ამიტომაც მან წერილობით მიმართა მოსკოვისა და სევსკის მთავარეპისკოპოს პლატონს (მალინოვსკი) და თხოვა ამ წმიდა ადგილზე, ნაეკლესიარზე, წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ეკლესიის აშენების ნებართვა. ასევე აცნობა პრესნიაზე მცხოვრები 50 ქართული ოჯახის შესახებ, რომლებიც არც ერთ ეკლესიას არ განეკუთვნებოდნენ. მათთვის მისი სასახლის კარის ეკლესიაში ღვთისმსახურებას და საეკლესიო წესებს აღასრულებდნენ ქართველი მღვდელმსახურები, რომლებიც მის სასახლეში ცხოვრობდნენ. წერილის განხილვის შემდგომ მოვლენილ იქნა კომისია, რომელმაც მოიწონა წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის აშენებისათვის შერჩეული ადგილი. შეადგინეს ეკლესიის პროექტი რუსეთში გავრცელებული საეკლესიო ნაგებობათა მიხედვით. აკურთხეს ადგილი და დაიწყეს ეკლესიის მშენებლობა. ხის ეკლესიის აშენების შემდეგ მოწვეულმა კომისიამ 4 აპრილს შეამოწმა ტაძარი და მოხსენებაში აღნიშნა მისი კურთხევის შესაძლებლობა. ამის შემდგომ გიორგიმ ითხოვა ტაძარი ეკურთხებინა ქართველ მღვდელმთავარს. 1750 წლის 23 აპრილს (6 მაისი), წმიდა გიორგის ხსენების დღეს ტაძარი აკურთხა ქართველმა მთავარეპისკოპოსმა იოსებ სამებელმა. წინამძღვრად დანიშნეს მღვდელი დემეტრე პეტროვი (პეტრიაშვილი – რ.გ), რომელიც ქართულ ენაზე აღავლენდა წირვა-ლოცვას. მის ქართველობას ამტკიცებს ქართული ხელმოწერა დოკუმენტებზე: `დემეტრე მღვდელი ხელს ვაწერ~. მოძღვარს დაენიშნა 12 მანეთი. ეკლესია მიაკუთვნეს წმიდა ნიკიტას ორმოც ეკლესიათა ოლქს. 1760 წლის 4 სექტემბერს ბატონიშვიმა გიორგიმ თხოვა მოსკოვის მიტროპოლიტ ტიმოთეს (შერბაცკი) ნება მიეცა საკუთარი თანხებით მიეშენებია წმიდა გიორგის საკურთხევლის გვერდით უფლის შობის სახელობის თბილი ეკვდერი ანუ მცირე სამწირველო. ნებართვის მიღების შემდგომ ამავე წლის დეკემბერში მცირე საკურთხეველი საზეიმოდ აკურთხეს.

1779 წლის 6(18) იანვარს უფლის ნათლისღებას, საღამოს ღვთისმსახურების შემდომ, როდესაც მღვდელი ეკლესიის მსახურებთან ერთად მრევლში იმყოფებოდა სახლებისა და ადგილ მამულების საკურთხებლად ტაძარი ხანძრისაგან დაიწვა. ნაწილობრივ გადარჩენილი საეკლესიო საგანძური შესანახად დროებით გადასცეს ახლოს მდგომ ღვთისმშობლის საფარველის ეკლესიას, ხოლო ქართველთა 73 ოჯახი გაანაწილეს უახლოეს ეკლესიებში.

9 წლის შემდგომ 1788 წლის 11 ივნისს ქართველებმა თხონით მიმართეს მოსკოვის მიტროპოლიტ პლატონს (ლევშინი), რომ დაერთო მათთვის ნება და ხანძრისაგან დამწვარ ეკლესიის ადგილზე აეგოთ ქვის ეკლესია, რომელშიც იმსახურებდა ქართველი მღვდელი, რადგან ქართველი მრევლის უმრავლესობამ არ იცოდა რუსული ენა. ამავე წლის 13 სექტემბერს მათ მიტროპოლიტის ნებართვა მიიღეს და დაიწყეს ტაძრის მშენებლობა. 1793 წლის 24 მაისს ანა ბაგრატიონმა თხოვა მოსკოვისა და კალუგის მიტროპოლიტ პლატონს, რომ წმიდა გიორგის ეკლესიის მშენებლობის დასამთავრებლად მისთვის მიეცა მოსკოვში დასანგრევად გამზადებული ეკლესიის ქვები, რადგან უფინანსობის გამო მათ ტაძრის დამთავრება უჭირდათ.

მიტროპოლიტი დაეხმარა და 1899 წლის 26 ნოემბერს აკურთხეს ქართველთა ეკლესიის უფლის შობის სახელობის ეკვდერი, რომელშიც აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას. მომავალი წლის 23 აპრილს (6 მაისი) კი აკურთხეს წმიდა გიორგის ტაძრის მთვარი საკურხეველი. 1807 წელს ციციშვილებმა თავიანთი ძმის პავლე ციციშვილის საპატივცემულოდ, მიაშენეს წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ეკვდერი და ამის შემდეგ ტაძარში არსებობდა სამი საკურთხეველი.

გენერალი პავლე ციციშვილი იყო კავკასიის მთავარმართებელი. ის მოკლეს 1806 წლის 8 თებერვალს ბაქოს ციხის აღების დროს.

მოსკოვის წმიდა გიორგის ეკლესიის მრევლი 1800 წელს შეადგენდა 894 ადამიანს. მრევლი თანდათან იზრდებოდა 1833 წელს იყო 1143 ადამიანი, ხოლო 1842 წელს კი 1372 ადამიანი. 1895 წელს რუსეთის მთავრობის ნებართვით ტაძრის გაფართოების მიზნით აღმოსავლეთ მხარეს დაიწყეს ახალი ფსევდო ბიზანტიური სტილის აგურის ეკლესიის აშენება. ქართველების აშენებულ ტაძარს მოარღვიეს საკურთხევლები და ისინი გადაიტანეს ახალი ტაძრის აღმოსავლეთ მხარეს. ამით ძველი და ახალი ტაძრები გააერთიანეს. 1898 წლის 7 მაისს აკურთხეს ახალი ტაძარის წმიდა გიორგის სახელობის ცენტრალური საკურთხეველი. 23 ნოემბერს კი ქრისტეს შობის (მარჯვენა) და მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს (მარცხენა) მცირე საკურთხევლები. ამავე წელსვე საზეიმოდ აღმართეს ახალ გუმბათზე ჯვარი.

წმიდა გიორგის ეკლესიასთან ორსართულიან შენობაში არსებობდა საეკლესიო სამრევლო სკოლა. ახალი სკოლის შენობა აკურთხეს 1904 წლის 5 სექტემბერს ის განკუთვნილი იყო 150 მოსწავლისათვის. ეკლესიასთან ასევე არსებობდა მოხუცებულ ეკლესიის მსახურთა ბინა, თავშესაფარი, რომელაც პირველ ხანებში ანა ბაგრატიონი უწევდა ფინანსურ დახმარებას.

მთავრობის ბრძანებით 1922 წლის 31 მარტს მოსკოვის წმიდა გიორგიის ეკლესიიდან გატანილ იქნა 150 კილოზე მეტი ოქრო ვერცხლი ოლგისპირეთში გაჭირვებულთა დასახმარებად.

სამრეკლოდან, რომელიც ტაძრის დასავლეთით მდებარეობდა, ჩამოხსნეს და წაიღეს 9 ზარი, რომელთა საერთო წონა 10 ტონას აღემატებოდა.

საჭოთა ხელისუფლების წლებში ეკლესიიდან გაიტანეს უნიკალური ქართული სახარება, რომელიც მოჭედილია ოქრო-ვერცხლით და მასზე გამოსახულია წმიდა მახარებელნი: მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე, სცენები სახარებიდან, ათორმეტი დღესასწაული და სხვა. თბილისში 1709 წელს გამოცემული ეს ქართული სახარება XVIII საუკუნის II ნახევარში მოსკოვის ეკლესიას შესწირა პავლე ახალციხელმა. ეს უნიკალური წიგნი დღეს მოსკოვში სახელმწიფო საისტორიო მუზეუმის იშვიათი ლითონების განყოფილების ფონდში ინახება.

1925 წელს წმიდა გიორგის ეკლესიის საბჭო შედგებოდა 15 წევრისაგან, ამათგან 6 ეკლესიის მსახური იყო: 3 მღვდელი, 1 დიაკონი და 2 მედავითნე.

ეკლესიასთან არსებულ მართლმადიდებლურ რელიგიურ საზოგადოებაში გაერთიანებული იყო 91 წევრი. ისინი არც ერთ პარტიას არ ეკუთვნოდნენ. მათი სიები და ანკეტები ხელმოწერებით ინახებოდა ტაძარში. ეკლესიისა და მთავრობისთვის ცნობილი იყო მათი გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების წელი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, სოციალური, საზოგადოებრივი და სამსახურებრივი მდგომარეობა რევოლუციამდე და მის შემდეგ.

რევოლუციის შემდგომ ამ ტაძრის სამღვდელოებისა და მრევლის წევრთა მდგომარება გართულდა. მათ ეკრძალებოდათ: საბჭოთა ხელისუფლების ან მისი წარმომადგენელის წინააღმდეგ ქადაგების ან სიტყვის წარმოთქმა. ეკლესიის გარეთ მოსწავლეებთან და ახალგაზრდებთან რელიგიურ თემაზე საუბარი, ქრისტიანული ბროშურის, ეპისტოლის, ფურცლების გავრცელება, ქუჩაში ჯვაროსნული მსვლელობა და სხვა.

1929 წლის 25 ივლისს ტაძარი დახურეს იქედან გაიტანეს მრავალი სიწმიდე: ხატები, ჯვრები, საეკლესიო ინვენტარი და სხვა. მათი ნაწილი საბედნიეროდ განადგურებას გადაურჩა.

მთავრობის მიერ ტაძრის ჩამორთმევისა გადაკეთების შემდგომ იქ დამკვიდრდა ელექტრო მექანიკური ტექნიკუმი.

როგორც შემორჩენილი ფოტო სურათებიდან ჩანს ორივე ტაძარის გუმბათზე მოხსნეს ჯვრები და მათ მაგივრათ აღმართეს ხუთქიმიანი ვარსკვლავები. ტაძარის გუმბათ ქვეშ, რომელშიც დღეს წირვა-ლოცვა აღევლინება აღმართეს ლენინისა და სტალინის ძეგლები. ასევე გუმბათის ირგვლივ შიგნითა მხრიდან გამოკრული იყო პროლეტარიატის ბელადისა და კომუნისტური პარტიის მოღვაწეთა დიდი პორტრეტები.

1989 წელს მოსკოვში შეიქმნა ქართველ მართლმადიდებელთა საინიციატივო ჯგუფი, ამ დროს რუსეთის პატრიარქი პიმენი გახლდათ.1990წ. 10 ივნისიდან რუსეთის ეკლესიის საჭეთმპყრობელი არის პატრიარქი ალექსი II. სწორედ მისი თანხმობით საინიციატივო ჯგუფმა წერილები გაუგზანა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიიგიის საბჭოსა და მოსკოვის საქალაქო საბჭოს სახალხო დეპუტათა აღმასრულებელ კომიტეტს, რომელთა წარდგინებით 1990 წლის 8 ოქტომბერს მოსკოვის „კრასნოიაპრესნიას“ რაიონში რეგისტრირებული იქნა ქართველთა რელიგიური საზოგადოება,რომლსაც დადგენილების თანახმად ქართულ ენაზე ღვთისმსახურების აღსავლენად უნდა გადასცემოდა “ბოლშაია გრუზინსკაია” 13-ში მდებარე წმიდა გიორგის ეკლესიის ყოფილი შენობა. 1990 წლის მიწურულს საქართველოს საპატრიარქოდან მოავლინეს დეკანოზი დიმიტრი სამადბეგიშვილი, რომელიც რუსეთის პატრიარქთან გამოცხადების შემდეგ შეხვდა ქართველ მართლმადიდებელთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს. იმ დროს ეკლესიაში განთავსებული იყო ელექტრო მექანიკური ტექნიკუმის დირექცია, ცენტრალური სასწავლო -მეთოდური ცენტრი, სხვადასხვა სახელოსნოები და გამოყენებული იყო მათი საჭიროებისათვის. მრევლის იქ დამკვიდრება ვერ მოხერხდა. მოსკოვის საპატრიარქომ მღვდელს ქართველებთან ურთიერთობისათვის, გარკვეული ვადით, მოსკოვის „ღვთის გამოცხადების” საპატრიარქო ტაძარი გამოუყო, რამაც საშვალება მისცა ქართველებს ჩაებარებინა აღსარება მოძღვრისათვის და იქ მიეღოთ მონაწილეობა წირვა-ლოცვაში. ასე, რომ ქართული მრევლი მოსკოვის საპატრიარქოს ტაძარში ლოცულობდა, სადაც ხშირად უწმიდესი პატრიარქი ალექსი II აღავლენდა წირვა-ლოცვას ქართველი მღვდლის თანამწირველობით.

მალე მოსკოვის საპატრიარქოს ნებართვით ქართველთა მრევლმა ჩაატარა კრება, რომლის დროსაც მრევლის საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა წმიდა გიორგის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელი დეკანოზი დიმიტრი სამადბეგიშვილი, თავმჯდომარის მოადგილედ კი თამაზ ჯანდიერი, რომელიც საინიციატივო ჯგუფის პირველი ხელმძღვანელი იყო. მრევლის ხაზინადარად დანიშნეს ზურაბ ბერიძე. მალე მრევლი მოსკოვის ქართული სათვისტომოს წევრებით გაძლიერდა და დაიწყო ერთობლივი ზრუნვა ეკლესიის დაბრუნებისათვის.

1992 წლის 7 მაისს მოსკოვის საბჭოს პრემიერის იური ლუჟკოვის (დღევანდელი მოსკოვის მერის) განკარგულებით (#1131-РП) ქართველებს დაუბრუნეს წმიდა გიორგის სახელობის ძველი ეკლესია, რომელიც უნდა გაეთავისუფლებინათ და გადაეცათ მრევლისათვის იმავე წლის 1 ივლისამდე.

1992 წლის 17 ნოემბერს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ბრძანებულებით წმიდა გიორგის სამრევლო ეკლესია გახდა საპატრიარქო “პოდვორიე “ანუ მეტოქი. ეს ტაძარი გმოცხადდა აქ მცხოვრებ ქართველთა საერთო სალოცავად და მღველმსახურთ ნება ეძლეოდათ აღევლინათ ღვთისმსახურება ქართულ და სლავურ ენებზე.

დღეს ტაძრის სამხრეთ შესასვლელთან არის წარწერა `ტაძარი აღდგენილ და მოხატულ იქნა. 1993-2001 წლებში. ეს ის პერიოდია, როდესაც მოსკოვის ქართული სათვისტომოს პრეზიდენტის ბატონ თემურ სტურუას ხელძღვანელობით, რომელიც პატრიარქის მიერ დაინიშნა ამ ეკლესიის ქტიტორად, ტაძარში მიმდინარეობდა სარესტავრაციო სამუშაოები. უპირველეს ყოვლისა აგურით ამოშენებულ, გალესილ და გაღებილი იქნა საკურთხეველის უკანა მხარე, რითაც ტექნიკუმი გამოეყო ახლად დაბრუნებულ ეკლესიას. ტექნიკუმის დირექტორს კაბინეტი გადაატანინეს წითელ აგურის შენობაში, რადგან საჭირო იყო იქ ამოშენებული კედლის გახსნა და ტაძარში ძველი შემოსასვლელის აღდგენა სამხრეთის მხრიდან.

1993 წლის 17 სექტემბერს მოხდა ტაძრის ერთი ნაწილის კურთხევა (გუმბათის ქვედა ტერიტორია) კურთხევა, რომლის შემდეგ მასში შაბათ-კვირასა და დღესასწაულის დღეებში აღესრულებოდა ღვთისმსახურება.

სხვა დღეებში კი განუწყვეტლად მიმდინარეობდა სარესტავრაციო სამუშაოები, ინგრეოდა ბოლო წლებში ამოშენებული კედლები და ტაძარი იღებდა პირვანდელ სახეს.

ტაძრის მოხატვისათვის მოსკოვის ქართული სათვისტომოს პრეზიდენტმა ბატონმა თემურ სტურუამ თბილისიდან მოიწვია (საპატრიარქოს წერილობითი რეკომენდაციით) წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის საძმოს ხატმწერთა მთავარი კოორდინატორი ლაშა კინწურაშვილი. ტაძრის მოხატვამდე საჭირო შეიქნა ტაძრის კედლების შიდა პირის გასუფთავება და კვლავ გალესვა სპეციალური მასალით. ამ სარესტავრაციო სამუშაოებს ასრულებდენ საპატრიარქოდან მოვლენილი გიორგი თიკანაძე, რობინზონ ოთარაშვილი და დავით შარაშენიძე. ამათგან ბოლო სასულიერო პირი გახდა და დღეს დეკანოზი დავითი, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის უფროსია.

ხატმწერმა ტაძრის მოხატვა დაიწყო ძირითადათ საქართველოდან ჩამოტანილი ქართული საღებავებით. ფერადი ქვების დამტვრევასა და დამუშავებაში მას ეხმარებოდა ევგენი ქავთარაძე, რომელიც მასთან ერთად ლიხაურის ტაძრის მოხატვაში მონაწილეობდა.

თბილისში დამზადებული იქნა რამოდენიმე დიდი ზომის ხატი, რომელთაც ჩამოტანის შემდეგ გაუკეთდა კიდობანი და დღეს ისინი ტაძარშია განლაგებული. ეს ხატებია: ყოვლადწმიდა სამება, წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი, წმიდა მეფე თამარი, საქართველოში ქრისტიანობის მქადაგებლები: წმიდა მოციქული სიმონ კანანელი და წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული; მოციქულთა თავნი პეტრე და პავლე. საკურთხეველში კი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პატრიარქის შემოწირული წმიდა გიორგის ხატებია. საკურთხევლის ცენტრალურ ადგილზე მაღალი დასაჯდომელის ზემოთ ყოვლადწმიდა სამების დიდი ხატია, რომელიც დაწერა და მოჭედა, მრევლის წევრმა ბატონ თეიმურაზ კობახიძემ.

1997 წლის 5 მაისს საპატრიარქოს თანხმობით ტაძარს დაუბრუნდა წმიდა დიდმოწამე გიორგის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც “პრესნიაზე” იოანე ღვთისმეტყველის შობის სახელობის ტაძარში იყო წლების მანძილზე. ტაძრიდან ტაძარში ამ ხატის გადმოსვენებასთან დაკავშირებით მოეწყო საზეიმო მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ორივე ტაძრის სამღვდელოებამ და მრევლმა.

2000 წლის ნოემბერში აღინიშნა ტაძრის 250 წლის იუბილე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების პატრიარქებმა თავიანთი სამღვდელოებით. პატრიარქებმა მიულოცეს მრევლს ეს ღისშესანიშნავი იუბილე და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს ერთმანეთს და ეკლესიას. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II ეკლესიას შესწირა წმიდა გიორგის ხატი, ხოლო უწმიდესმა ალექსი II- ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა.

წმიდა გიორგის ტაძარი ტერიტორიულად განეკუთვნება ცენტრალურ საპატრიარქო ”საბლაგაჩინოს”. ტაძრის გახსნის დროიდან ღვთისმსახურების ჟამს, როგორც წესი ყოველთვის მოიხსენიება: უწმიდესი პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა ალექსი და დიდი სიყვარულისა და პატისცემის ნიშნათ უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II. წირვის აღევლინება ქართულ ენაზე, ხოლო სახარება და მამაო ჩვენო ორივე ენაზე იკითხეაბა. პანაშვიდი, ჯვრისწერა, ნათლობა ქართულ ენაზე სრულდება.

ღვთისმსახურება აღესრულება ყოველ შაბათ-კვირას და დიდ დღესასწაულისებზე. 1995 წლის 3 აგვისტოს, ამ ტაძრის ქართველი მღვდლის დეკანოზ დიმიტრი სამადბეგიშვილის სამშობლოში წასვლის შემდგომ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ ალექსი II განკარგულებით (#3162) მოსკოვის იოანე წინამორბედის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარს დეკანოზ ნიკოლოზ სიტნიკოვს დაევალა რუსი მღვდლები და დეკანოზი ნიკოლოზი 2006 წლის 20 თებერვლამდე, გარდაცვალებამდე, ასრულებდა უწმიდესი პატრიარქის მორჩილებას. ამ ტაძარში სხვადასხვა დროს მღვდლად მსახურებდნენ: დეკანოზი იოსებ ზეთეიშვილი, დეკანოზი დავით სალაძე, დეკანოზი მიხეილ ქადაგიშვილი, იღუმენი შიო (მუჯირი), დღეს სენაკის და ჩხოროწყუს ეპისკოპოსი, მის შემდეგ საქართველოდან მოვლენილ იქნა დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია. 1995 წლიდან ამ ტაძარში მსახურობს დეკანოზი რომანოზ ზარნაძე და ასევე წირვებს აღავლენს მამა თეოდორე კრეკეტოვი, ამ ტაძრის დიაკონია მირონ კანთელაძე.

2003 წლის ნოემბრის ბოლოს დეკანოზ მაქსიმე ჭანტურიამ თბილისიდან ჩამოასვენა წმიდა გიორგის ხატი, რომელიც წლის ბოლომდე დასვენებული იყო მოსკოვის ეკლესიაში და ყოველ კვირას აღესრულებოდა მასთან პარაკლისები. ახალი წლიდან, 2005, ხატი მოგზაურობს ქართველთა ოჯახებში. ხატს მიაცილებს სამღვდელოება და მრევლის წევრები, ოჯახში სრულდება წმიდა გიორგის პარაკლისი და სახლის კურთხევა. ერთი კვირის მანძილზე მასთან ლოცულობენ ოჯახის წევრები და სტუმრები. ხატმა უკვე მოიარა 30-ზე მეტი ოჯახი. საკვირაო სკოლაში მოღვაწეობენ: დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია, ფატი ბიგვავა, მარიამ ჩხარტიშვილი. სკოლა იმყოფება ქართული ეკლესიის ჩრდილოეთით, მინაშენში, რომლის რემონტი დასრულდა 2000 წელში. ქვემო და ზემო სართულები ააშენეს და გადახურეს XX საუკუნის შუა წლებში, რასაც ადასტურებს ქვემო სართულის ჩრდილოეთ კედლის წარწერა: “10.07. 1848 г”. შესასვლელი აქვს ეკლესიის მხრიდან, ხოლო მის ქვემოთ მოთავსებულ შენობას, რომელშიც რემონტის შემდგომ სატრაპეზო იქნება, დასავლეთის მხრიდან. საკვირაო სკოლის დასავლეთ მინაშენში ეკლესიის მსახურთათვის მდებარეობს სატრაპეზო, რომელშიც მსახურობს ლილი კოჭლამაზაშვილი. სატრაპეზოს პროდუქტებით ამარაგებს საწყობის უფროსი ლევან კოჭლამაზაშვილი.

ტაძარს რამდენიმე წელია ემსახურება ბატონი ვიტალი წერეთელი და ბუღალტერი ირინა შიპაკინა.

ტაძრის სამხრეთ დასავლეთ კუთხეში შესაძლებელია სანთლის, ხატებისა და ქართული რელიგიური ლიტერატურის შეძენა, ამ საქმეს უკვე რამდენიმე წელია ემსახურება ნატო ქარჩავა და ეთერი ლოლაძე. ტაძრის გახსნიდან 10 წელზე მეტი იმსახურა აქ სვეტლანა ნოსოვამ. ეკლესიის შუა ნაწილის ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობს მგალობელთა გუნდისა და მედავითნეებისათვის განკუთვნილი შემაღლებული ადგილი – კლიროსი. პირველ ხანს ღვთისმსახურებაში 3 მგალობელი იღებდა მონაწილეობას. დღეს მათი რიცხვი 10 ადამიანს აღემატება. მგალობელთა გუნდის რეგენტებია: თამარ სიროეჟინა, გუნდის წევრები: მაია კაციაშვილი, ნანა მაკალათია, ნიკოლოზ ციხელაშვილი, მალხაზ სიმონიშვილი, დავით ბუხსიანიძე, გურამ ქავთარაძე, თემურ სიყმაშვილი და სხვა. მედავითნეები: რამაზ გიორგაძე, ნონა ზარნაძე და ნინო ლომიძე. ადრე გალობდნენ: მაია ფოფხაძე, სოფიო ხარაზი, ბესარიონ ჯუღაშვილი და სხვანი.

დღეს სტიქარში შემოსილნი საკურთხეველში მსახურებენ: გიორგი იზორია, რამაზ გიორგაძე, სოსო მალანია, გიორგი თოდუა, ლევან კვეზერელი, მირიან მირიანაშვილი, დავით ჭანტურია, გიორგი კანთელაძე.

ჩვენი ეკლესიის გვერდით მდგომ წითელი ეკლესიის შენობაში იმყოფება რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს საშუალო პროფესიული განათლების სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება. ლ.ბ. კრასინის სახელობის ტექნოლოგიის, ეკონომიკისა და სამართლის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკუმი.

Comments are closed.