მიხეილ შავიშვილი / Michael Shavishvili

მიხეილ შავიშვილი (1920-1999) – ლოტბარი, მომღერალი. მიხეილ შავიშვილი 1920 წლის 15 ოქტომბერს ოზურგეთის რაიონის სოფელ ჭანიეთში დაიბადა. მიხეილის სიმღერის პირველი მასწაბლებელი დედა , ქალბატონი ვერა ვაშალომიძე იყო, ის შესანიშნავად უკრავდა ჩონგურსა და გიტარაზე და რაც მთავარია, კარგი მოკრიმანჭულე იყო. კარგად მღეროდნენ მიხეილის და ძმაც, მიხეილის და ჟენია შემდგომში მთელ გურიაში ცნობილი მოკრიმანჭულე ქალი გახდა. მიშამ სიმღერის სერიოზული გაკვეთილები ცნობილი მომღერალ-მგალობლის, ლიხაურელი მღვდლის, ნესტორ კონტრიძისაგან მიიღო.

თხუთმეტი წლის მიხეილ შავიშვილმა, სიმღერის დიდოსტატის ვარლამ სიმონიშვილის ყურადღება მიიქცია. 1936-37 წლებში მასთან სახელმწიფო ეთნოგრაფიულ გუნდში მღეროდა. ეს კოლექტივი მისთვის დიდ სკოლად იქცა და მოკლე ხანში იგი სწორუპოვარი მოკრიმანჭულე გახდა. სკოლის დამთავრებისთანავე მიშამ ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა ფილოლიგიის ფაკულტეტზე. ამავე წელს გახდა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი-მოკრიმანჭულე. ანსამბლს ცნობილი ლოტბარი არტემ ერქომაიშვილი ხელმძღვანელობდა. მისგან მიხეილმა ბევრი რამ შეითვისა და შეისისხლხორცა. მიხეილის შემოქმედებითი მოღვაწეობის ერთ-ერთ ღირშესანისნავ თარიღად უნდა ჩაითვალოს 1957 წელი, როდესაც თბილისში ჩამოყალიბდა ანსამბლი “შვიდკაცა” (ხელმძღვანელი ჯანსუღ კახიძე) და მიხეილი ანსამბლის კონსულტანტად და სოლისტად მიიწვიეს.

იმავე წელს იგი ოზურგეთის სარაიონო კულტურის სახლთან აყალიბებს ანსამბლ “შვიდკაცას”. ამ ანსამბლის განსაკუთრებული წარმატებების ხანა 1959 წლის შემდეგ იწყება, როცა თბილისის “შვიდკაცა” დაიშალა.

1974 წელს მიხეილ შავიშვილის თაოსნობით საქართველოში ჩამოყალიბდა ბავშვთა პირველი ფოლკლორული ანსამბლი “კრიმანჭული”. ამან დასაბამი მისცა ბავშვთა სხვა ფოლკლორული ანსამბლების შექმნას.

კრიმანჭულის უბადლო შემსრულებლის მიხეილ შავიშვილის მოღვაწეობა მხოლოდ შვიდკაცას მიღწევებით არ შემოიფარგლება, იგი პარალელურად სხვა ანსამბლებსაც წარმატებით ლოტბარობდა. მიხეილ შავიშვილი გარდაიცვალა 1999წელს; დაკრძალულია ოზურგეთში.
ქართულ ფოლკლორისტიკაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

Comments are closed.