გიორგი ბაღაშვილი / George Bagashvili

ბაღაშვილი გიორგი ჯემალის ძე (1971) – ეთნომუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკიმცოდნეობის ფაკულტეტი ფოლკლორის განხრით. 1990 წელს შექმნა ფოლკლორული ჯგუფი “მიმინო”, რომელიც 1990-იან წლებში წარმატებით გასტროლირებდა აშშ-ში, გერმანიაში, იტალიაში, მალტაზე და სხვა. სამეცნიერო საქმიანობას ეწევა 1995 წლიდან. 2001 წლიდან 2006 წლამდე იყო ე. თაყაიშვილის სახ. თბილისის კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორის კომპლექსური კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 2005 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: “,ქართული მუსიკალური ფოლკლორის ესთეტიკის სათავეებთან”. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები. მათგან განსაკუთრებით საგულისხმოა: “მუსიკალური ფოლკლორის კვლევის მეთოდოლოგიური საფუძვლები”, “მუსიკალური ფოლკლორის ესთეტიკური პოლისტადიურობა”, “მაგიური მუსიკალურ-ესთეტიკური არქეტიპი”, “წინაქრისტიანული ხანის ქართული მუსიკის ესთეტიკის საკითხები” და სხვ. აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმებში. შექმნილი აქვს “მუსიკალური ფოლკლორის ესთეტიკის” ორიგინალური საავტორო კურსი. 2000-2007 წლებში ლექციებს კითხულობდა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში, ე. თაყაიშვილის სახ. კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შ. რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალურ უნივერსიტეტში. გია ბაღაშვილის – მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანისა და მუსიკოსის – მოღვაწეობის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია: არის არაჩვეულებრივი პიანისტი და იმპროვიზატორი; 1995 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა შემოქმედებითი გაერთიანების – “ლომისის” მუსიკალურ ხელმძღვანელად, ხოლო 2005 წლიდან მისი გენერალური დირექტორია; გია ბაღაშვილის ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით ჩატარებულია არა ერთი შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, ბენეფისი, სხვადასხვა ჟანრის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი. 2000 წ. მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია, როგორც ვოკალური ტრიოს (თამრიკო ჭოხონელიძის, ნუკრი კაპანაძისა და ეკა მამალაძის შემადგენლობით) ხელმძღვანელს მეგრული სიმღერების პოპურის შექმნისათვის. 2006 წელს შექმნა პოპულარული მუსიკალური ჯგუფი “ქუჩის მუსიკოსები”. განხორციელებული აქვს ორი საავტორო სატელევიზიო პროექტი ხალხური მუსიკის შესახებ.

Comments are closed.