White Snake

ყველაფერი დაიწყო 1983 წლის, 24 დეკემბერს. დავიბადე საქართველოში, ქალაქ თბილისში. სახელი „ნიკოლოზი“დამარქვეს, პაპაჩემის საპატივცემულოთ. (მამაჩემის მამის) ბავშობა ნორმალური მქონდა რომ არა საქართველოში მუდმივი არეულობა, ომი და გაუთავებელი პრობლემები. შვიდი წლის ვიყავი როცა შევედი სკოლაში.ეხლაც მახსოვს ჩემი პირველი გაკვეთილი, ძალიან მიხაროდა. მეექვსე კლასიდან გადამიყვანეს იმავე სკოლასთან არსებულ ფასიან სასწავლებელში, რომ უკეთესი განათლება მიმეღო. მანდ გავიცანი ჩემი დღევანდელი, ერთგული და პატიოსანი ძმაკაცი ირაკლი. იქიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე ერგული ძმობა გვაკავშირებს.

2000 წელს დავამთავრე სკოლა და ჩავაბარე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ–ტექნიკურ ფაკულტეტზე, საერთაშორისო ეკონომიკის განხრით. სკოლაში და უნივერსიტეტში სწავლის გარდა, ვიყავი სპორტსმენი. ჯერ ფეხბურთელი, შემდეგ კი კალათბურთში მოვსინჯე ძალები. სადღაც გულში მკარნახობდნენ რომ ეს ჩემი მოწოდება არ იყო. 8 წლის ასაკიდან უსმენდი რეპს, ჰიპ–ჰოპს, როკს. დღე არ გავიდოდა რომ 2PAC-ის, Snoop-ის რეპი არ მომესმინა. 16 წლის ასაკში დავწერე პირველი სიმღერა საქართველოზე. უფრო სწორედ მანამდეც ვწერდი ლექსებს, მაგრამ „გარეპვა“ და მუსიკაზე ტექსტის წაკითხვა ამ ასაკიდან დავიწყე.

პირველი ჩემი სიმღერები მე და ირაკლიმ სკოლაში ვიმღერეთ 2001 წელს. სიმღერა მასწავლებლებს და მოსწავლეებს მიუძღვენით. ცუდი არ გამოვიდა, მაგრამ არც ძალიან კარგი იყო. ამის შემდეგ მივხვდი რომ ეს იყო ჩემი საქმე და ჩემი მისია ამ ქვეყანაზე. მე და ირაკლიმ ჩამოვაყალიბეთ ჯგუფი და სახელად დავარქვით „თეთრი ღამე“ ეს სახელი დავარქვი იმის გამო რომ, სიმღერას და ტექსტს ყოველთვის ღამე ვქმნიდი და ყოველი ღამე ჩემთვის თეთრი იყო. ამ პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა ჩემ ცხოვრებაში. 13 წლის ვიყავი როცა მამაჩემმა დაგვტოვა და წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმ პერიოდში საქართველოში ფულის შოვნის დიდი პრობლემა იყო და სხვა გამოსავლის ნახვა რთული იყო. ამიტომ თავისი შვილების და ოჯახის გამო იგი ამერიკაში სამუშაოდ წავიდა. ზუსტად 8 წელი არ მყავდა მამაჩემი ნანახი. შემიძლია ვთქვა რომ ძალიან მაკლდა, მიუხედავად ამისა დედაჩემმა უდიდესი ძალისხმევა გამოიჩინა და გამზარდა ისე როგორც საჭიროა. ამ პერიოდში დავიწყე ლექსების სერიოზული წერა. ძირითადი თემა იყო ცხოვრებისეული, რეალური მოვლენები. ტკივილი, პრობლემები, ომი და ა.შ. ქუჩაში ყოველთვის პრობლემები მქონდა, ძალიან ბევრს ვერ უგებდი და ხშირად ვჩხუბობდი. მეგობრები და მტრები ბევრი მყავდა, მაგრამ ირაკლი იყო ის ერთადერთი ადამიანი ვინც სულ ყოველთვის ჩემთან იყო და დღემდე ჩემს გვერდშია. 2004 წლამდე ,,თეთრ ღამეში“ ბევრი ცვლილებედი ხდებოდა, ჩვენთან შემოვიდნენ რამოდენიმე რეპერი, ერთ დროს ვიყავით სამნი, მერე ოთხი. ხდებოდა უაზრო რეფორმები. მაგრამ ამ დრომ და გამოცდილებამ ბევრი რამ დამანახა და 2005 წელს ისევ მე და ირაკლი დავრჩით. დავიწყეთ ყველაფერი თავიდან. 5 თვეში დიდი მუშაობის შემდეგ ჩავწერეთ 12 სიმღერა, გადავიღეთ ვიდეო კლიპები და გამოუშვით პირველი ალბომი სახელწოდებით „თეთრი ღამის ბანდა“ სიმღერებს ვწერდით ჩვენსავე სტუდიაში „თეთრი ღამის სტუდია“ და ალბომი გამოსცა სტუდია „თბილისმა“. ალბომი კარგად გაიყიდა და პირველად ამ საქმიდან ვიშოვეთ რეალური ფული. შეიძლება ითქვას რომ შრომა დაგვიფასდა.

მონაწილეობას ვღებულობდით სხვადასხვა კონცერტებში, შოუებში, სატელევიზიო პროგრამებში. მანამდე 2001 წლის 16 ნოემბერს, მამაჩემის დახმარებით დიდი სოლო, შოუ–კონცერტი ჩავატერეთ თბილისში ,,რკინიგზელთა კულტურის სახლში“ სადაც 800–მდე მაყურებელი ესწრებოდა და შევასრულეთ ზუსტად 25 სიმღერა. ამ კონცერტს ბევრი გამოხმაურება მოყვა. ბევრი პროდიუსერი დაინტერესდა, მაგრამ რეალურად საქმეს არავინ აკეთებდა. ამიტომ ისევ ჩვენი ძალებით ვაგრძელებდით მოღვაწეობას. 2006 წლის თებერვალში მე მომიწია ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლა, ნიუ–იორკში. სადაც მამაჩემი და ჩემი და მელოდებოდნენ. ვხვდებოდი რომ ადრე თუ გვიან ეს დრო მოვიდოდა და ისიც ვიცოდი რომ რეპი და ჰიპ–ჰოპი რეალურად ამერიკაში ცოცხლობდა. იქ ჩასვლა ჩემი ოცნება იყო. ეს დღეც დადგა. თეთრი ღამე დროებით გაჩერდა, რადგან ირაკლი თბილისშია. მე დავიწყე სოლო კარიერა სახელით White Snake (თეთრი გველი), ეს სახელი ადრეც მერქვა, არაფერ ნეგატიურს არ უკავშირდება, არც სატანისტი ვარ და არც რაიმე სექტის წევრი. ქრისტიანი და მარმადიდებელი ვარ. უბრალოდ ასეთი ზედმეტი სახელი მქვია. ასე მე გადავწყვიტე და ასეთი გზა ავირჩიე. ამ პერიოდში მოვიყვანე ცოლი და ნიუ–იორკში 2006 წლის 23 ივლისს შემეძინა გოგო. პატარა ლილუ. ეს დღე ჩემთვის ყველაზე ბედნიერი იყო. ჩემი პირველი სოლო სიმღერა ჩავწერე ამერიკის ერთ–ერთ ცნობილ და პროფესიონალურ სტუდიაში “Soularis Production Studio” მამაჩემთან ერთად ჩამოვაყალიბეთ საპროდიუსერო ცენტრი „გელანი ა.შ.შ.“ რომელიც ამერიკაში სხვადასხვა სახის შოუ–კონცერტებს და სხვადასხვა პროექტებს ანხორციელებს. www.gelanyusa.com ვაპირებ ქართულენოვანი ალბომის გამოშვებას და რამოდენიმე კლიპის გადაღებას საქართველოსთვის, რის შემდეგ უკვე ამერიკულ ,,ჰიპ–ჰოპზე” გადავალ. იმედი მაქვს ის რისკენაც მიდივარ აუცილებლად მივალ და გავაკეთებ იმას რაც ყოველთვის მინდოდა. ვიცი რომ წარმატებას ბევრი მისურვებს და ყველას დიდ მადლობას გეუბნებით. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.

ნიკა გელაშვილი (White Snake)

Comments are closed.