Jokia Meshveliani

ჯოკია მეშველიანის გუნდი
ჯოკია მეშველიანი დაიბადა 1929 წელს ლენტეხის რაიონის სოფელ ლექსურაში. ჯოკია მეშველიანმა დაწყებითი განათლება ლენტეხის საშუალო სკოლაში მიიღო. ამავე დროს იგი ხელმძღვანელობდა თავისივე სკოლის გუნდს, რომელმაც საკმაოდ დიდი განათლება და გამოცდილება მისცა. 1954 წელს კი მას დაავალეს ლენტეხის რაიონის გუნდის ხელმძღვანელობა, რომელსაც ჯერ სახელი არ გააჩნდა მაგრამ უკვე 20 წლის ისტორიას ითვლიდა. სწორედ ამ წლიდან იწყება ანსამბლ “ლილეს” აღმავლობა და დაწინაურება. ჯოკია მეშველიანი მუდამ ცდილობდა რომ ამხელა გუნდს აუთენტურობა არ დაეკარგა, რასაც ნამდვილად წარმატებით გაართვა თავი. სწორედ ამიტომაც ანსამბლი “ლილე” დაარსებიდან 44 წლის მანძილზე საკმაოდ პოპულარულ და ერთ-ერთ საუკეთესო ანსამბლად ითვლებოდა მთელს სვანეთში. ჯოკია მეშველიანს დიდი წვლილი მიუძღვის მრავალი სიმღერის მოძიებასა და აღდგენაშიც. მან მოიძია და დაამუშავა დაახლოებით ოთხმოცდაათი ფაქტიურად დაკარგული სიმღერა და თავისი ინტერპრეტაციით მიიტანა ეს ხალხამდე. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ 1979 საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის ტელეფილმების სტუდიამ “ლილეს” შესახებ ფილმ-კონცერტი გადაიღო. ამ ყველაფერთან ერთად ჯოკია განაგრძობდა თავის წინსვლას და უნდოდა სკოლის გახსნა ლენტეხში სადაც უმცროსი თაობა შეძლებდა ფოლკლორის საფუძვლიანად შესწავლას, მაგრამ სამწუხაროდ ამ სკოლის გახსნას თვითონ ვეღარ მოესწრო, თუმცა მისმა შვილებმა ეს სასწავლებელი მაინც გახსნეს, რომელიც დღესაც კი ფუნქციონირებს.

Comments are closed.